მიიპარება დრო, რათა შემდეგ ხარხარით გადამაყაროს თავზე ჩავლილი აპრილები... ასე მგონია საოცრად დიდხანს ვიცხოვრე, სინამდვილეში კი - ალბათ ძალიან ცოტა ხანს, რადგან ყველა ოცნების რეალობად ქცევა ვერ მოვასწარი...
დავიბადე 1981 წლის 11 სექტემბერს. ჩემი ზოდიაქო ქალწულია. მეოცნებე ვარ. მიყვარს გაზაფხული, წვიმა...
დიახ, წვიმა - შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს მოვევლინე ქვეყანას. დღემდე ყურში ჩამესმის და თითქოს თვალწინ მიდგას დედიკოს მიერ მოყოლილი ჩემი დაბადების სცენა; თურმე წვიმდა კოკისპირულად, უცბად გამოიდარა და ცის თაღზე ულამაზესი ცისარტყელა გამოისახა - ,,ახლა თუ გოგო დაიბადება, ეს ბავშვი ულამაზესი იქნებაო - ასეაო ნათქვამი’’-- ჩუმად ჩაილაპარაკა თურმე ექიმმა და მეც ზუსტად ამ დროს დავიბადე. თითქოს ამ ნათქვამის დასტურად, მართლაც ძალიან ლამაზი ჩვილი ვყოფილვარ. თოვლივით ქათქათა, წითელი ტუჩებით, ლამაზი თაფლისფერი თვალებით, აბრეშუმივით რბილი ქერა თმით... ,,კრასავიცა გრუზინკა’’- მეძახდნენ თურმე ხერსონში (უკრაინაში) ყოფნის დროსაც, როცა სტუდენტ მშობლებს ვახლდი თან, მაგრამ სასტიკად არ მინდოდა იქ ყოფნა. გამორჩეულად მიყვარდა ბაბუა, მენატრებოდა სახლი, დავჯდებოდი ფანჯარასთან და ვტიროდი - ,, ჩემი სახი მიდა, ბაბუა მიდა’. დღემდე ბაბუა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია...
ვიზრდებოდი ჩემთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. მათ მასწავლეს ღვთის სიყვარული, სიკეთის ფასი, წიგნის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, საკუთარი თავის რწმენა... რწმენა ხვალინდელი დღის,..
გმადლობ, უფალო, ამ ყველაფრისთვის; გმადლობ, სიყვარულის ნიჭისთვის! დიახ, მეც მიყვარს და ის ჩემი მეუღლეა… მყავს ორი შვილი ლუკა და მერიკო. მათ შემაყვარეს ის საოცარი სამყარო, რასაც ჰქვია ,,ბავშვი’’. ასე ღრმა და ამოუცნობი. თითქოს ძალიან ნაცობი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რთული და უცნობი; შორეულიც და ახლობელიც, ანცი და ცნობისმოყვარე...
ჩემი შვილების მაგალითზე მივხვდი, თუ რა საოცარი არსებები არიან ბავშვები.
დიახ, ბავშვები - ძალიან მინდოდა ამ სამყაროში შეღწევა. ამ პატარა ადამიანების მიმართ მეტის ცოდნის წყურვილი. მათდამი სიყვარული გახდა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევის საფუძველი. სურვილი რეალობად ვაქციე. მე მასწავლებელი ვარ. მაქვს ბედნიერება ბავშვის შეცნობის სურვილი საქმედ ვაქციო. მივცე მათ სულიერი საზრდო; ჩავუყარო საფუძველი, რომ იპოვონ სწორი გზა ცხოვრებაში... დიახ, ეს ჩემი პროფესიული მიზანია, ამიტომ ბევრი მაქვს სააზროვნო და საკეთებელი...
მიიპარება დრო...
მეც ვფიქრობ, ვღელავ, მიხარია, განვიცდი... ვიცი ვისთვის ვინ ვარ და ვისთვის კიდევ ვინ... მჯერა ღვთისმშობლის წმინდა თვალების...
ბედნიერი მინდა ვიყო. ვიცი, რომ ძნელია ბოლომდე ბედნიერება. ისიც ვიცი, ,,ადამიანი ბედნიერებისთვის რომ იბადება და ამას არაფერი უარყოფს ფაქტების გარდა''...
ისევ ჩუმად მივდივარ იებთან ხელჩაკიდებული...
დრო კი მიიპარება...
ნათია
საიდუმლო ოთახი
TET-A-TET
ამ ოთახში შემოსვლას დიდი ხანია ვფიქრობდი, ძალიან მინდოდა, მაგრამ სულ გვერდს ვუვლიდი, გავურბოდი განმარტოებას... არ მეხერხება საკუთარ თავზე ლაპარაკი... მეგობრები რომ არა, არ ვიცი როგორ ვიცხოვრებდი. ისინი მავსებენ, თითოეულს თავისი ადგილი აქვს. უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ, ერთად რომ ვართ ზოგჯერ ვკინკლაობთ... რამდენ რამეზე მინდა საუბარი, მაგრამ არ გამომდის...
მინდა გიამბოთ რამდენი შეცდომა დამიშვია, ზოგი გამომისწორებია,ზოგიც ვერა, ზოგი, ვიცი რომ შეცდომაა, მაგრამ მაინც ვიმეორებ... ძნელია უშეცდომოდ იცხოვრო, ტყუილის თქმაც კი დამჭირვებია... (თუმცა სასტიკად მძულს ტყუილი)
ბევრი რამ არ ვიცი... ყველა ადამიანში მეგობარს ვეძებ... საერთოდაც, სულ რაღაცას ვეძებ და ველოდები. აი, გათენდება და რაღაც შეიცვლება, რაღაც მოხდება... დაღამდება და ისსევ... ასე გადის დღეები, კვირები, თვეები...(ხშირად მართლაც ხდება რაღაც)
წვიმა მიყვარს და წიგნის კითხვა. მოლა ნასრედინი ხუმრობდა, წიგნს წაკითხვაც არ უნდა, ისე რომ დაიდო თავზე, მაინც რაღაცას გაიგებო... აბა მთლად ასე სად არის, სჯობს გადაფურცლო წიგნი... ბიბლიოთეკა ისეთი ადგილია, წიგნის შემხედვარეს მოწიწების გრძნობა გიჩნდება. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ოცნებობდნენ, მოგზაურობდნენ, იკვლევდნენ და ეს ყველაფერი წიგნის ფურცლებზე გადაჰქონდათ... საერთოდაც ძალიან მინდა უამრავი წიგნი მქონდეს წაკითხული, მაგრამ ათი სიცოცხლე რომ ვიცოცხლო, სურვილს მაინც ვერ დავიკმაყოფილებ, თუმცა ერთიცაა... სჯობს ცოტა წაიკითხო და კარგად! ხანდახან კანონებსაც ვკითხულობ, ესეც იმიტომ, რომ ზოგიერთებისგან თავი დავიცვა.
ცოტა მეც დავიღალე, ადვილი ხომ არ არის თან ისწავლო და სხვასაც ასწავლო... სხვას რა ენაღვლება, მე კი მგონია ყველაზე რთული როლი მე მერგო... რავი აბა, იქნებ ეგერეც არ არის... საერთოდ, ადვილი იქ გგონია, სადაც შენ არა ხარ. ასეა და რა ვქნა...
ისე ხშირად დავფიქრებულვარ რა მაინტერესებს ცხოვრებაში ყველაზე მეტად, ალბათ ადამიანთა ცხოვრება. ადამიანების მოსმენა ძალიან მიყვარს და მათაც უყვართ როცა ყურადღებით უსმენენ... სიმართლე გითხრათ, ნიუტონის კანონებზე მეტად ის მაინტერესებს, როგორი კაცი იყო, რა სიმაღლის, როგორ იცინოდა, როგორ წუხდა, რატომ ეშინოდა ასე გაციების?..
მოკლედ, მე ადამიანები და მათი ურთიერთობები უფრო მაინტერესებს, ვიდრე რომელიმე მეცნიერება, რუდიმენტული ორგანოები და რამე... თუმცა არ ვარ მართალი და ეს სანიმუშო სულაც არ არის - უკეთესია ორივე გაინტერესებდეს...
ისე საერთოჯამში ვფიქრობ, რომ სწავლული ვარ და ვცდილობ ყველაფერს აკადემიურად მივუდგე. აკადემიურობა რა არის? ისაა რაც ზოგიერთ ადამიანს ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად იყო ჭკვიანი და რაციონალური, ლამაზიც... ნაკლებად ვერევი ხოლმე ,,უბირ" მსჯელობებში, განსაკუთრებით, როდესაც უცხო ენებზე საუბრობენ. აქ არ მოვყვები ტრაბახს იმაზე, რომ გამართულად ვფლობ სამ ევროპულ ენას, (თუმცა დიდი სურვილი მაქვს ვიცოდე) რომ დისერტაციის დაცვა ლონდონში მინდა და ა.შ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არა- გადამწყვეტი ,,ზოგიერთებისგან" განსხვავებით ბევრს ვფიქრობ, უფრო მეტს, ვიდრე ვლაპარაკობ. მივიკუნჭები ხოლმე ოთახში და ვფიქრობ... საბედნიეროდ, იქ არც არავინ მაწუხებს. საფიქრალს კი რა დალევს...
კიდევ პროექტების წერა მიყვარს, ღია გაკვეთილების მზადება... კარგია როცა შენი საქმის ობიექტური შემფასებელი გყავს. ზოგი მოგიწონებს, ზოგიც შენიშვნას მოგცემს, ამით კი იზრდები როგორც პროფესიონალი, მაგრამ მაინც მთავარი ერთი რამაა, ჩანაფიქრი რომ შეასრულო, კარგად უნდა იცოდე: 1. ამოცანად და მიზნად რას ისახავ; 2. როგორ წარმოგიდგენია მისი განხორციელების გზები და ვადები; 3. მატერიალური სახსრები როგორ უნდა გაანაწილო; 4. ვინ და რა იქნება შენი პარტნიორი, თუ ხელისშემშლელი და, რაც მთავარია ; 5. რა შედეგს მოელი ამ მიზნისგან...
ღვთისმოშიში ვარ და მორჩილი, და კიდევ ის ვიცი, რომ მისი ნების გარეშე ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან... ჩვენი შეხვედრაც და მომავალი ურთიერთობაც, ალბათ ღვთის ნებაა... მით უფრო, ვგრძნობ შენც სხვებისგან განსხვავებული ხარ... კედელმა კედელს უთხრა, კუთხეში შევხვდებითო. შენ რაღას მეტყვი?
გაზაფხული
თითქო უჩუმრად, უხმაუროდ, ფეხაკრეფით მოგვეპარა გაზაფხული. თითქოს უჩინარი დირიჟორის მიერ მოქნეული კვერთხით ზღაპრულად მოხატა არე.
" ბუნება ბრძანებელიაო"_ უთქვამს ბრძენს და არც ტყუილად. ყველაფერი თითქოს ჯადო ძილისაგან გამოერკვა, გამოთავისუფლდა, ახმაურდა, აბობოქრდა, აზავთდა, ამოძრავდა, აფეთქდა სიცოცხლე, აკვირტდა,ამწვანდა,აყვავილდა...
ჩქარა ამომიშვი, დღის სინათლე უნდა ვიხილოო-ფეხები დაუბაკუნა მიწას გაზაფხულით ძალმიცემულმა თოვლივით თეთრმა ენძელამ. არც პაწაწინა ლურჯთვალა იამ დაახანა დიდხანს, სადაც ენძელა იქ მეცო - თქვა და თავისი პატარა ტანი ამოყარა, გულიანად შესცინა ქვეყანას, და მიდამოს თავისი საამო სურნელი მოაფრქვია.
დობილებს მინდვრის არც სხვა პაწია მარგალიტები: ყოჩივარდები, ფურისულები ჩამორჩნენ და თეთრად, ლურჯად, ვარდისფრად მოიქარგა ღელისპირა ადგილები.
სიხარულისაგან ატირებული ვაზიც, მგრძნობიარედ ჩაეხვია ჭიგოს. მაცოცხლებელი მზისკენ მიუშვერიათო თითქო კისერი. ნაირგვარ მცენარეებს გაზაფხულის სითბოთი უფეთქავთ გული. აკვირტებული ტანით და ტოტებით ამაყად აშხვართულან, უკეთესის მოლოდინში სმენად ქცეულან და...
გრძელდება სიცოცხლე, მეორდება, ერთურთის მსგავსად და განსხვავებულად. ნაირფერი, უსაზღვრო, ამოუცნობი, სწორედ ამაშია მისი ძალაც, ხიბლით და იდუმალებაც.
თითქო უჩუმრად, უხმაუროდ, ფეხაკრეფით მოგვეპარა გაზაფხული. თითქოს უჩინარი დირიჟორის მიერ მოქნეული კვერთხით ზღაპრულად მოხატა არე.
" ბუნება ბრძანებელიაო"_ უთქვამს ბრძენს და არც ტყუილად. ყველაფერი თითქოს ჯადო ძილისაგან გამოერკვა, გამოთავისუფლდა, ახმაურდა, აბობოქრდა, აზავთდა, ამოძრავდა, აფეთქდა სიცოცხლე, აკვირტდა,ამწვანდა,აყვავილდა...
ჩქარა ამომიშვი, დღის სინათლე უნდა ვიხილოო-ფეხები დაუბაკუნა მიწას გაზაფხულით ძალმიცემულმა თოვლივით თეთრმა ენძელამ. არც პაწაწინა ლურჯთვალა იამ დაახანა დიდხანს, სადაც ენძელა იქ მეცო - თქვა და თავისი პატარა ტანი ამოყარა, გულიანად შესცინა ქვეყანას, და მიდამოს თავისი საამო სურნელი მოაფრქვია.
დობილებს მინდვრის არც სხვა პაწია მარგალიტები: ყოჩივარდები, ფურისულები ჩამორჩნენ და თეთრად, ლურჯად, ვარდისფრად მოიქარგა ღელისპირა ადგილები.
სიხარულისაგან ატირებული ვაზიც, მგრძნობიარედ ჩაეხვია ჭიგოს. მაცოცხლებელი მზისკენ მიუშვერიათო თითქო კისერი. ნაირგვარ მცენარეებს გაზაფხულის სითბოთი უფეთქავთ გული. აკვირტებული ტანით და ტოტებით ამაყად აშხვართულან, უკეთესის მოლოდინში სმენად ქცეულან და...
გრძელდება სიცოცხლე, მეორდება, ერთურთის მსგავსად და განსხვავებულად. ნაირფერი, უსაზღვრო, ამოუცნობი, სწორედ ამაშია მისი ძალაც, ხიბლით და იდუმალებაც.