,,მასწავლებელი სკოლისთვის იგივეა, რაც მზე სამყაროსთვის. მასწავლებელი უნდა იყოს განათლებული, კულტურული, ლამაზი, მაღალი ზნეობის მატარებელი, სამაგალითო ყველგან და ყველაფერში... შეუძლებელია სხვას მისცე ის, რაც თავად არ გაგაჩნია."
გაკვეთილის თემა:
ნაძვი და ახალი წელი
სწავლების საფეხური და კლასი:
დაწყებითი, მე-2 კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლის სახელი და გვარი:
ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება
ქართული ენა, ბუნება- ნათია გვილია
ხელოვნება-იზა გერგაია
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება:
. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ფერადი ქაღალდებისაგან ლამაზი მოსართავების დამზადებას და მისალოცი ბარათების შექმნას.
. განუვითარდებათ ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი.
ქართული ენა და ლიტერატურა:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები იმეტყველებენ სწორად, დაახასიათებენ, იმსჯელებენ, შეაფასებენ.
ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი;
შეიყვარებენ კითხვას; გამოუმუშავდეს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და
კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;
გამოუმუშავდებათ ტექსტის ანალიზის უნარი.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ. II. 2. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას,პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ, გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს
ქართ. II. 5. მოსწავლე ისმენს და იგებს
მცირე ზომის ტექსტებს
ადეკვატურად პასუხობს მისმენილი ტექსტის ირგვლივ დასმულ კითხვებს;
• გადმოსცემს წაკითხული ტექსტის შინაარსს ახლად შესწავლილი ლექსიკური ერთეულების
გამოყენებით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ;
• ქმნის ტექსტის ილუსტრაციებს;
ბუნება
ბუნ. II. 1. მოსწავლე აღწერს მცენარის ძირითად
გარეგან ნაწილებს
• თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორგანიზმის ძირითად გარეგან ნაწილებს, ასახელებს და გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
• თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს სხვადასხვა ორგანიზმის მსგავსი ფუნქციის ნაწილებს
ბუნ. II. 2. მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს ზრდის პროცესს
• სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების გამოსავლენად
ბუნ. II. 10. მოსწავლე აღწერს მცენარეების მნიშვნელობას ადამიანისათვის.
• ახასიათებს და აჯგუფებს მცენარეებს ადამიანის მიერ მათი გამოყენების სფეროების მიხედვით
• გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმებისთვის მიყენებული ზიანის მიმართ, მოჰყავს მაგალითებს
ხელოვნება
ს.გ.II.1 მოსწავლე იყენებს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითად ელემენტსა და
პრინციპს ნამუშევრის შექმნისას. მოსწავლე გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს
· გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას
· იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებას
· ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში
· ქმნის მისალოც ბარათებს
• იყენებს სხვადასხვა ტიპის ხაზს (ტეხილი, წყვეტილი, ტალღოვანი, სწორი და ა.შ.) ნამუშევარში განწყობილების გადმოსაცემად
• იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას
ს.გ.II.8 მოსწავლეს ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
• საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე
• საუბრობს იდეებზე და შთაბეჭდილებებზე, რომელიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში - 2 წთ
შევუქმნათ ბავშვებს საგაკვეთილო განწყობა.
მასწავლებელი სვამს კითხვებს
-რომელი დღესასწაული ახლოვდება?
-რატომ გიხარიათ ახალი წლის მოსვლა?
შემდეგ მოსწავლეთა პასუხების საფუძველზე შევადგება ასოციაციური რუკა. ახალ წელთან ასოცირდება ნაძვის ხეც, რომელიც მოსწავლეთა პასუხებშიც აღმოჩნდება.
აქტივობა 2. - 13 წთ
როგორი მცენარეა ნაძვი?
როგორ ფიქრობთ, სად ხარობს, დაბლობში თუ მთაში?
რა ჰქვია მის ფოთოლს?
რა ჰქვია წიწვოვანი მცენარეების ნაყოფს?
ხომ არ იცით რომელი ცხოველი იყენებს საკვებად ნაძვის ნაყოფს?
ვაჩვენოთ სლაიდები და ვთხოვოთ სურათებზე გააკეთონ კომენტარები.
დავსვათ კითხვები:
-რისთვისაა საჭირო ასეთი ფიჭვნარი? ნაძვნარი?
-რა შეიძლება მოხდეს იმ ადგილებში, სადაც ეს ხეები განადგურდება?
-რატომ მოიგონეს ხელოვნური ნაძვის ხე?
( იმიტომ რომ ბუნებრივი ნაძვი გადაერჩინათ განადგურებისაგან)
-ხომ არ იცით რატომ რთავენ საახალწლოდ ნაძვს და არა სხვა ხეს?
თუ არ აქვთ ვერსია, მაშინ მასწავლებელი უყვება:
იესო რომ დაიბადა, მასთან ყველა ხე მივიდა და მიუტანეს საჩუქრები.
-როგორ ფიქრობთ რა საჩუქრებს მიუტანდნენ?(ბავშვები ადვილად ხვდებიან, რომ ეს ამ ხეების ნაყოფები შეიძლება ყოფილიყო)
მარტო ნაძვის ხე იდგა მოშორებით და არც განძრეულა.დანარჩენ ხეებს ძალიან გაუკვირდათ ეს და ჰკითხეს: რატომ არ ულოცავ, ჩვენ ხომ სწორედ ამისათვის მოვედითო.
–მე ისეთი წიწვები მაქვს შეიძლება მას რამე ვატკინო–უპასუხა ნაძვმა.
ყველას მოეწონა ნაძვის პასუხი და ყველამ აღიარა, ნაძვი ძალიან კეთილი ყოფილა. იგი დაასაჩუქრეს, სხვადასხვა ხილითა და სათამაშოებით მორთეს.
ამბობენ სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ნაძვის მორთვის ტრადიციაო.
გარდა ჩვენი ქვეყნისა, სხვა ქვეყნებში თუ რთავენ ნაძვის ხეს?
აქტივობა 3. - 2 წთ
მე ახლა წაგიკითხავთ ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობას, რომლის ავტორიც გახლავთ თქვენი კლასელის დუტას დედიკო ქეთი გოგია. მოთხრობას ჰქვია ,,ნაძვი- შვიდი წლის...’’( მოთხრობა განთავსებულია კედლის გაზეთზე, რომელიც მოამზადა ჯგუფმა ,,რიბი-რაბომ'' პროექტის ,,საახალწლო კედლის გაზეთის’’ ფარგლებში.)
მოთხრობა დამუშავდება ვარაუდებით კითხვის მეთოდით. მოთხრობას კითხულობს მასწავლებელი ნაწილ–ნაწილ
( პაუზებით კითხვა)ყოველ ნაწილს ახლავს კითხვები, რომელზეც ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს.
1. ნაძვი - შვიდი წლის...
1-ლი ნაწილი
ილო ერთ ლამაზ ტყისპირა სოფელში ცხოვრობს. სოფლის იქით პატარა მდინარეა, მდინარის მიღმა კი ნაძვებით დაბურული ტყე. აქ სეირნობა ძალიან უყვარს პატარა ბიჭს, ოღონდ მამასთან, ან ბაბუასთან ერთად დადის ხოლმე. მარტო წასვლის ეშინია, ჯერ პატარაა და ხომ შეიძლება ტყეში გზა აებნეს. რამდენჯერ უნახავს ხოლმე ხეზე ანცად მოხტუნავე ციყვები, მხიარულად მოჟრურტულე ბეღურები, ხეზე მოკაკუნე კოდალები...
ახლა კი ზამთარია. ძალიან ცივა. ჩამოთოვა და ილოს ტყე სულ გადაათეთრა. მამამ ბიჭი ორი დღით ადრე გაასეირნა ტყეში... ტყე ისე არ ხმაურობდა, როგორც ზაფხულში ილომ იცოდა, რომ ბევრი ცხოველი ზამთრის ძილს მისცემოდა, ფრინველებიც გაფრენილიყვნენ თბილ ქვეყნებში. მხოლოდ ბეღურები ჟივჟივებდნენ, მაგრამ არც თუ მხიარულად.
ილოს მამა შეჰპირდა: ახალი წლის წინა დღეს ტყეში მოვიდეთ და ნაძვი მოვჭრათო. ბიჭს გაეხარდა. ერთი პატარა ლამაზი ნაძვი შეათვალიერა და მამას აჩვენა...
ახლა ახალი წლის წინა დღეა. დედა და ბებო სამზარეულოში ფუსფუსებენ და ათასნაირ ნუგბარს ამზადებენ... ბაბუა გარეთ შეშას ჩეხს... მამა კი ქალაქშია წასული... ილო ფანჯარასთან ზის და ტყეს უყურებს...
კითხვები: - სად ცხოვრობს ილო?
-ვისთან ერთად დადის ილო სასეირნოდ? რატომ?;
-წელიწადის რომელი დროს ხდება მოქმედება ტექსტში?
-რას შეჰპირდა ილოს მამა?
-რომელი დღესასწაულისთვის ემზადება ილოს ოჯახი?
-ილო რას აკეთებს?
-რა მოხდება შემდეგ?
II ნაწილი:
უცებ რაფაზე ბეღურა დასკუპდა, საცოდავად მობუზული. ბიჭმა ფანჯარა გამოაღო. საოცარი ის იყო, რომ ბეღურა ადგილიდან არ განძრეულა, მას არ შეშინებია ბიჭის.
-მოდი ჩემთან, საკენკს დაგიყრი. - მიესიყვარულა ილო
- არ მინდა შენი საკენკი, არ მომეკარო. - გამოელაპარაკა ბეღურა.
ილო სახტად დარჩა. ეგონა მოეჩვენა, ხმა ჩაუვარდა და ვერაფერს ამბობდა.
- ხოო! იცი არ მინდა შენი საკენკი, არ მომეკარო!- გაუმეორა ბეღურამ.
- განა შენ არ იყავი გუშინწინ ტყეში რომ ამბობდი პატარა ნაძვზე მოვჭრათო? იცი მაგ ნაძვის დედას ყველაფერი ესმოდა. მისი ტოტების ქვეშ ორასამდე ბეღურა ვცხოვრობთ. იცი რამდენია ორასი? ფუღუროებში კი ციყვების ოჯახები ბინადრობენ. ჰოდა!- შენ რომ თქვი პატარა ნაძვზე მოვჭრიო, მოიწყინა მისმა დედამ. სამი დღე და ღამეა რაც ტირის და ოხრავვს... თუ ასე გაგრძელდა გახმება და ჩვენც დავიღუპებით. არ გეცოდება პატარა ნაძვი? ისიც ხომ შვიდი წლისაა...
- შვიდი წლისაა, შვიდის... უცებ საიდანღაც გაჩნდა პატარა ციყვი...
- იცი როგორ უხარია სიცოცხლე? ასე ამბობს ჩვენ ნაძვები ჰაერს ჟანგბადით ვამდიდრებთო. როცა გავიზრდები მეც უამრავ ფრინველს და ცხოველს შევიფარებო. შენ კი გინდა სიცოცხლე მოუსპო.
- იცი პატარაა, მაგრამ რამდენჯერ გადამარჩინა? ერთხელ მონადირეებისგან მიხსნა. პატარა ტოტები ასწია და და დამმალა. - საიდანღაც გამოძვრა გაბრაზებული კურდღელი- ახლა კი მის ფესვებთან ზღარბების ოჯახი ცხოვრობს სამი შვილით. საახალწლოდ ემზადებიან. არ იციან რომ შენ მოჭრას უპირებ ნაძვს...
- გრცხვენოდეს ილო! ერთხმად შემოსძახეს ბეღურამ, ბაჭიამ და ციყვმა.
კითხვები:
- რა უსაყვედურა ბეღურამ ილოს?
- კურდღელმა რა უთხრა? ციყვმა?
-რა მოხდება შემდეგ?
III ნაწილი
ილო! ილო!- გაიღვიძე! ტყეში უნდა წავიდეთ! თავს დასდგომოდა ფანჯრის რაფასთან ჩაძინებულ ილოს მამა. ილო გამოფხიზლდა, თურმე სიზმარი ყოფილა- გაიფიქრა ბიჭმა. ძალიან ინანა თავისი საქციელი... უცებ თვალებში სიხარულის ნაპერწკალი აენთო. ადგა და მამის მოტანილი ნაძვის ხის სათამაშოებიდან და წვიმებიდან ბევრი ლამაზი ნივთი ამოარჩია. სამზარეულოში შევიდა, ბებიას და დედას თხილი და კაკალი სთხოვა. ბებომ ჩურჩხელა და გოზინაყიც შესთავაზა. დედამ სტაფილო და კომბოსტო მისცა. ილომ ხორბლის მარცვლით პატარა პარკი აავსო. ყველაფერი ეს ერთ კალათაში მოათავსა, მამას ხელი ჩასჭიდა და ტყისკენ წავიდა გახარებული.
ზუსტად იმ ნაძვთან მიიყვანა მამამ. ილო გაოცდა... მართლაც პატარა ნაძვის ახლოს დიდი ნაძვი იდგა, ეს ადრე არც შეუმჩნევია. მაღალი, ძლიერი ნაძვი, ხშირი ტოტებით დაბურული. ტოტებზე ციყვები დარბოდნენ, სადღაც ახლოს კურდღლებმაც გაირბინეს. პატარა ნაძვის ქვეშ სოროც შეამჩნია.
- აქ ალბათ ზღარბები ცხოვრობენ და საახალწლოდ ემზადებიან. - გაიფიქრა. პარკიდან ამოალაგა ნუგბარი: ციყვებისთვის კაკალი და თხილი დადო ნაძვის ქვეშ. ბაჭიებისთვის ბოსტნეული დადო პატარა ნაძვთან. იქვე ვაშლები დაალაგა ზღარბებისთვის. პატარა ნაძვის ტოტები თოვლისგან ფრთხილად დაფერთხა.
ამოიღო სათამაშოები, მორთო ნაძვის ხე, ირგვლივ წვიმები შემოახვია. ტოტებზე ჩამოკიდა ჩურჩხელები და გოზინაყი. მამას გაუკვირდა ილოს საქციელი. ბიჭი იდგა და ჩაფიქრებული უყურებდა ნაძვის ხეს.
კითხვები:
- რა შესთავაზა ახლადგამოღვიძებულ ილოს მამამ?
-როგორ აუხდა ილოს სიზმრად ნანახი ამბავი ცხადში?
-როგორ მორთო ნაძვი ილომ?
-რა მოხდება შემდეგ?
IV ნაწილი
-რა დაგემართა ილო?- მიესიყვარულა მამა.
-მამა! იცი ეს ნაძვის ხე შვიდი წლისაა, ჩემი ტოლია... თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა ბიჭს.
-კარგი ილო ნუ სტირი!- ჩვენ ხომ გვაქვს სახლში ხელოვნური ნაძვის ხე. ჰოდა ის მოვრთოთ. ეს კი დღეიდან შენი ნაძვის ხე იქნება. ხშირად მოგიყვან ხოლმე აქ. უთხრა მამამ.
- მართლა მამა? სლუკუნებდა ილო. მამა ვერ მიხვდა რა მოხდა, არც არაფერი უკითხავს ბიჭისთვის.
ღამე 12 საათზე, როცა ახალი წელი მოვიდა, ილო სიხარულით შეჰყურებდა ხელოვნურ ნაძვის ხეს... მერე ტკბილად დაეძინა და იცით რა დაესიზმრა? თავისი ნაძვის ხე, რომლის ქვეშ ბაჭიებს, ციყვებს, ბეღურებსა და ზღარბებს მოეყარათ თავი... ისინი მხიარულობდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ ილოს ნაჩუქარ ნუგბარს.
კითხვები:
-რატომ ატირდა ილო?
-ტქვენი აზრით რატომ შესთავაზა მამამ ილოს ხელოვნური ნაძვის მორთვა?
- მოგეწონათ მოთხრობის დასასრული? რატომ?
- როგორ ფიქრობთ, ამ მოთხრობით რისი თქმა სურდა ჩვენთვის ავტორს?
აქტივობა4: კლასში შემომაქვს„ჯადოსნური ყუთი“ მოსწავლეებს მივმართავ შემდეგი შეკითხვით:
-როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იდოს ამ ყუთში?
-„როგორი ფორმის არის ეს საგანი?“
-მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხედი და ა.შ. (ყუთი მართკუთხედია)
-ბურთი, სათამაშო, ბარათი და ა.შ. (ყუთში ასაწყობი საშობაო ნაძვის ხე იდო, ).
ყუთში იდო ბარათიც, რომელშიც ეწერა:
„ჩემო ძვირფასო ბავშვებო! გილოცავთ დამდეგ 2013 წელს! იყავით მხნენი და ძლიერნი!
ბავშვებო, თქვენ ყველამ იცით, რომ ნაძვის ხეს საახალწლოდ ათასნაირი სათამაშოებით რთავენ. აბა, თქვენ იცით როგორ იყოჩაღებთ და რანაირ სათამაშოებს დაამზადებთ ჩემთვის.
თქვენი ნაძვის ხე“
მოსწავლეები გულდასმით კითხულობენ წერილს და ემზადებიან გაკვეთილისთვის. (3 წუთი)
ამის შემდეგ მოსწავლეებს მივმართავ, რომ ჩვენი დღევანდელი გაკვეთილს გააგრძელებს ქალბათონი იზა(ხელოვნების მასწავლებელი)
აქტივობა5: რა თქმა უნდა თქვენ გიყვართ ორიგინალური სათამაშოები, ჰოდა, მოდით ერთად დავამზადოთ ისინი.
მოსწავლეებს ვთხოვე გადაშალონ ხელოვნების სახელმძღვანელოები გვერდზე, სადაც საახალწლო მოსართავებია მოცემული და დავამზადოთ ისინი.
ინდივიდუალური მუშაობა.
მსვლელობა: მოსწავლეებს ვთხოვ მოამზადონ კვადრატები და ჩემთან ერთად ინდივიდუალურად დაიწყონ მუშაობა.
1. გამოვჭრათ კვადრატები ფერადი ფურცლებიდან
2. გადავკეცოთ წითელი ფურცელი ოთხჯერ
3. მაკრატლით გადავჭრათ სწორ ხაზზე და ვარსკვლავიც მზადაა
4. თეთრი ფორმა შუაში ნახევრათ ჩავჭრათ
5. გავშალეთ ორივე ფურცელი
6. ორივე დეტალი ერთმანეთს წვეროთი მივაწებოთ
7. ასეთი ყვავილები ექვსი ცალი გავაკეთოთ
8. ჯერ ორი ცალი მივაწებოთ ერთანეთს
9. შემდეგ ბოლო ორი ყვავილიც მივაწებოთ
მოსწავლეებმა ლამაზად შეასრულეს დავალება, ზოგიერთმა ფანტაზიას მოუხმო და დამატებითი ფიგურებით დაამშვენა ნამუშევარი. (9 წუთი)
ამის შემდეგ დავყავი ისინი ოთხ-ოთხად და ვთხოვე თავიანთი ნამუშევრებით ჯგუფში შეექმნათ „ორიგინალური მოსართავი“
ჯგუფებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებას და მეტად ორიგინალური მოსართავები წარმოადგინეს. (4 წუთი)
მოსწავლეთა შეფასება მოხდა იმის მიხედვით, თუ როგორ გააკეთეს მათ მოსართავები და რამდენად იყვნენ ჩართულები ჯგუფური მუშაობის პროცესში. (2 წუთი)
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
ფოტომასალა, ელექტროღუმელი, დაფა, ფერადი ცარცები, მარკერი, მაკრატელი, წებო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები. აუდიო/ვიზუალური მასალა --- პლაკატი, ჩიჩილაკი, ყუთი, ნაძვის ხე, , სხვადასხვა თვალსაჩინოებები.
შეფასება
შეფასება ხდება მასწავლებლისა და მოსწავლეების კომენტარებით.მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს.
ინდივიდუალური შეფასების კრიტერიუმები:
. აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესში, აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასის მიერ რაიმეს შესწავლისას
. ავლენს ფანტაზიის უნარს, ორიგინალობას
. განსაზღვრავს მოქმედების დროსა და სივრცეს
. იცავს დროის ლიმიტს
ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები
. ჯგუფის ყველა წევრს შეაქვს წვლილი დავალებისათვის თავის გართმევის პროცესში
. ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს და იცავენ რიგითობას
. უცვლიან ერთმანეთს იდეებსა და ინფორმაციას
. ჯგუფის წევრები მხოლოდ მოცემული დავალების ირგვლივ მუშაობენ
. ჯგუფის წევრებში კარგად თანამშრომლობენ (არც ერთი არ წარმართავს დისკუსიას, აზრის გამოხატვის თანაბარი პირობებია შექმნილი)
. ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩენენ ნამუშევრის მთავარ იდეებს
ტექნიკა და ისტრუმენტები
ბუკი 31 ცალი,
, დაფა, ფერადი ცარცები, მარკერი, მაკრატელი, წებო, ხელოვნური ნაძვის ხე, ყუთი, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, ფლომასტერები. აუდიო/ვიზუალური მასალა , სხვადასხვა თვალსაჩინოებები.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მე-2 კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო - ,
მინდა ყველაფერი ვიცოდე --- ლ.შავლაშვილის სახელმძღვანელო
მე-2 კლასის ქართული ენა - მაღლაკელიძე
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
კომპიუტერული პროგრამა „paint“-ი, ,,power point''-ი
1.პროექტის სახელწოდება:
„წელიწადის დროთა რინგი“
2.პროექტის მთავარი იდეა: წლის თითოეული დროის სილამაზის აღქმა;
3.პროექტის აქტუალობა : მოსწავლეების ასაკიდან გამომდინარე აქვთ ნაკლები ხელმისაწვდომობა თუ რა მუსიკა,სურათი ან ლექსი აქვს მიძღვნილი წელიწადის თითოეულ დროს.
4.პროექტის მიზნები:
. მოსწავლე იძენს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად;
· მოსწავლეებმა შეძლონ გამოხატონ საკუთარი შთაბეჭდილებები ;
· დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში;
. მხატვრული კითხვის დაუფლება;
. ბუნებაზე დაკვირვება და აღწერა ;
. ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
. ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
5.მოსწავლეთ ა ასაკი: 6–7 წელი
6.ვადები: 25 სასწავლო დღე
7.მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ წლის თითოეული დროის აღწერას,დახასიათებას.
8.სარგებელი სხვისთვის: ღონისძიებაზე მოწვვეული სტუმრები (მოსწავლეები) გაეცნობიან წელიწადის დროებთან დაკავშირებულ ინფორმაციას;
9.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: IIკლასის ბუნების სახელმძღვანელო, კომპიუტერი, მუსიკალური ცენტრი, ფოტოაპარატი, პიესა: ,,წელიწადის დროთა რინგი’’, რეკვიზიტები, პიესაში მოინაწილე გმირთა სამოსი, პროექტორი, თვალსაჩინოებები;
10.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: მასწავლებელი კლასს ყოფს 4ჯგუფად.
მასწ-ლი I ჯგუფს აძლევს დავალებას კომპიუტერში პროგრამა paint-ის გამოყენებით გააკეთონ ნახატები წელიწადის თითოეულ დროზე. (დრო-2დღე)
II ჯგუფს აძლევს დავალებას კომპიუტერში პროგრამა google-ის საშუალებით მოიძიონ კომპოზიტორები, რომლებმაც წელიწადის თითოეულ დროს მიუძღვნეს მუსიკა.(დრო 2 დღე.)
III ჯგუფს აძლევს დავალებას კომპიუტერში პროგრამა google-ის საშუალებით მოიძიონ
პოეტები, რომლებმაც წელიწადის თითოეულ დროს მიუძღვნეს ლექსები. (დრო 2 დღე.)
IV .ჯგუფს აძლევს დავალებას კომპიუტერში პროგრამა google-ის საშუალებით მოიძიონ
მხატვრები,რომლებმაც წელიწადის თითოეულ დროს მიუძღვნეს სურათები.(დრო 2 დღე.)
აქტივობა 3: პიესის ,,წელიწადის დროთა რინგი’’ როლების განაწილება (1 დღე)
აქტივობა 4: რეპეტიციები (10სასწავლო დღე)
აქტივობა 5: სტუმრების მოწვევა და წარმოდგენის გამართვა;
11.პროექტში მონაწილე მასწავლებლები:
კლ ხელმღვანელი: ნათია გვილია.
მუსიკის მასწავლებელი: ლალი ქობალია
პროექტის ბლოგი: www.natiagvilia.weebly.com
პროექტი: ,,ახალი წელი ჩვენს საკლასო ოთახში’’
პროექტის მთავარი იდეა: სკოლაში გამოცხადდა კონკურსი ,,ყველაზე ლამაზი საკლასო ოთახი’’. , რაც ითვალისწინებდა შემდეგ კრიტერიუმებს:
. კლასის ორიგინალური მორთვა;
. თვითნაკეთი სათამშოები;
. საინტერესო კედლის გაზეთები;
. მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა;
. მშობელთა ჩართულობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს ძალიან უხარიათ საახალწლო სამზადისში მონაწილეობა, საკლასო ოთახის ლამაზად მორტვა, საკუთარი ნამუშევრების გამოფენა.
პროექტის მიზნები:
. ლამაზი საკლასო გარემოს შექმნა;
. მოსწავლეთა მოტივაციის ამარლება;
. სასკოლო კონკურსში აქტიური მონაწილეობა და გამარჯვება.
.მშობელთა ჩართულობა სასკოლო საქმიანობაში
მოსწავლეთ ა ასაკი: 6-7 წელი
ვადები: 5 სასწავლო დღე
მოსალოდნელი შედეგები:
. ესთეტიკური სიამოვნების მიღება;
. კონკურსში გამარჯვება;
. საინტერესო კედლის გაზეთების შექმნა.
.პროექტის მსვლელობა:
სკოლაში გამოცხადდა კონკურსი ,, ყველაზე ლამაზი საკლასო ოთახი’’ . თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შეიქმნა კლასის გაფორმების ესკიზენბი. გაიმარჯვა საუკეთესო მონახაზმა. გაიწერა მუშაობის გრაფიკი. მოსწავლეებმა თვითონ ამოჭრეს ფიფქები, გააფერადეს ნახატები, ამოჭრეს ნაძვის ხის გირლანდები, სათამაშოები. მშობელთა დახმარებით კედელზე გააკრეს თეთრი ქაღალდი, რომელზეც განათავსეს ნამუშევრები. მორთეს ხელოვნური ნაძვის ხე, ჭერზე ჩამჰკოდეს ფიფქები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
3 შეკვრა თეთრი ქაღალდი, წებო, ორმაგი სკოჩი, საღებავები, ფუნჯი, თაბახის ფურცლები, ნაძვის ხე, ფორმატის ფურცლები, ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი, მარკერები, ფლომასტერები, ფერადი ფანქრები..და ა.შ.
.პროექტში მონაწილე მასწავლებლები: კლ. დამრიგებელი: ნათია გვილია
პროექტის ბლოგი: www.natiagvilia.weebly.com
_
პროექტი: ,,ჭკუისკოლოფა’’
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში ძალიან პოპულარულია სატელევიზიო ინტელექტუალური პროექტები: ,,რა? სად? როდის?’’ , ,,ყველაზე ჭკვიანი“, ,,ეტალონი’’ და თვითონაც გაუჩნდათ სურვილი საკლასო ინტელექტუალური თაამაშის მოწყობის. რის საფუძველზეც, გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას სასკოლო და საქალაქო ინტელექტუალურ თამაშებში.
პროექტის აქტუალობა: პროექტი ავითარებს მოსწავლეებში სააზროვნო უნარებს, კრეატიულობას, ცნობისმოყვარეობას, სხარტ აზროვნებას, ამოტომ მსგავსი ინტელექტუალური თამაშები ყოველთვის პოპულარულია.
პროექტის მიზნები:. მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარება;
. ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.
მოსწავლეთ ა ასაკი: 6-7
ვადები: 1 სასწავლო წელი
სარგებელი სხვისთვის: შემაჯამებელ თამასებში მასწავლებლების მოწვევა, იდეების გაზიარება და დანერგვა.
.პროექტის მსვლელობა:
ყოველი კვირის ოთხშაბათს ტარდება დამატებით მე-5 გაკვეთილი. სადაც კლასში განვიხილავთ სხვადასზვა საინტერესო მასალას(მასალას ბუკით ვუგზავნი თითოეულ მოსწავლეს). თვეში ერთხელ ტარდება შეჯიბრი. კლასი დაყოფილია ჯგუფებად. აქვთ ჯგუფებს სახელწოდებები: ,,აისი’’, ,,ცისარტყელა’’, ,,მზე’’, ,,რიბი-რაბო’’, ,,ათინათი’’, მათი სახელწოდებებიც სპეციალურად შეირჩა, რაც ქმნის ასოციაციას ნათელთან,. მათ იციან ანდაზის მნიშვნელობა ,,ცოდნა სინათლეა, უსწავლელობა -სიბნელე.’’
თამაშის პრინციპი ასეთია: ჯგუფებს ურიგდებათ განხილული თემებიდან კითხვები. ჯგუფის კითხვაზე საპასუხოდ 3 წუთი. მათ კითხვა წერილობით უნდა ჩამოაყალიბონ. ჯგუფებს ქულები ენიჭებათ შეფასების რუბრიკის საფუძველზე.(რუბრიკა თან ერთვის პროექტს)
ცალკეული თამაშის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ ჯგუფს გადაეცემა სიმბოლო სუვენირი ,,ბუ’’. რომელიც გარდამავალია და კლასში თვალსაჩინო ადგილასაა მოთავსებული.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბუკი, სუვენირი ,,ბუ’’, სტიკერები, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, მარკერი, ფოტოაპარატი.
.პროექტში მონაწილე მასწავლებლები: კლ. დამრიგებელი: ნათია გვილია
პროექტის ბლოგი: www.natiagvilia.weebly.com
პროექტი
1. პროექტის სახელი:,,ჩვენ ვქმნით საახალწლო კედლის გაზეთებს'';
2. პროექტის მოკლე აღწერა :საახალწლო კედლის გაზეთების გამოშვება.
3. პროექტის სრული აღწერა: კლასი დაიყოფა ჯგუფებად. ჯგუფები აირჩევენ ლიდერებს. რომლებსაც შემდეგ ესტუმრებიან სახლში და მშობლებთან ერთად დაგეგმავენ მუშაობის გრაფიკს. . მათი დახმარებითვე შემუშავდება გამოსაქვეყნებელი საკითხები და განაწილდება ბავშვებში. სავარაუდოდ: .
.როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.;
როგორ ხვდებიან ახალ წელს საზღვარგარეთ ;
მოიძიება ინტერნეტში სურათები ახალი წლის თემაზე და ა.შ.
მოიძიებენ საჭირო მასალებს და გაამზადებენ გაზეთს.(თითო ჯგუფი შექმნის თითო გაზეთს. სულ 5 ჯგუფია) მოძებნიან კლასში შესაფერის ადგილს და გააკრავენ.
4.მონაწილეთა ასაკი:6-7 წელი
5. ვადები/ ხანგრძლივობა:2 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები შინ და კლასში: კითხვა, დისკუსია ,წერა ,ხატვა ,ჩაწებება.
7მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება,შეიქმნას:გამოვუშვებთ საახალწლო კედლის გაზეთებს.
8. სარგებელი სხვებისთვის:მიიღებენ გარკვეულ ცოდნას მოცემულ საკითხზე და ამავე დროს გაერთობიან.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არავინ.
11.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნათია გვილია.
13. ფასილიტატორის ელ ფოსტა:[email protected]
პროექტის ბლოგი: www.natiagvilia.weebly.com
პროექტი: ,,პრეზენტაცია მე ჩემ შესახებ’’
პროექტის მთავარი იდეა: ბავშებს ძალიან უყვართ საკუთარ თავზე საუბარი. უხარიათ როცა ჰყავთ მსმენელები, მაგრამ თითოეულ გაკვეთილს თავისი მიზანი აქვს. გამომდინარე აქედან, ისინი ვერ ახერხებენ ისაუბრონ თავიანთ თავზე დეტალურად.
პროექტის ფარგლებში, თავისუფალი გაკვეთილის ფორმატის შესაბამისად მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ისაუბრონ საკუთარ ცხოვრებაზე;
პროექტის აქტუალობა: ბავშვები ეჩვევიან აუდიტორიის წინაშე აზრის გამოთქმას, უვითარდებათ საპრეზენტაციო უნარები.
პროექტის მიზნები: . მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლება;
. მოსწავლეთა რეალურ ცხოვრებაში ჩახედვა (ავთენტური სწავლება)
. საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
. ურთიერთშეფასება;
.ერთმანეთის აზრის პატივისცემა
მოსწავლეთ ა ასაკი: 6-7 წელი
ვადები: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მიეჩვევიან აუდიტორიის წინაშე საკუთარი აზრის გამოთქმას. აუმაღლდებათ თვითშეფასება. უვითარდებათ კითხვების დასმის უნარი. მოსმენის, სხვისი აზრის პატივისცემის უნარები.
სარგებელი სხვისთვის: იდეის გაზიარება მასწავლებლებისთვის, პროექტის შედეგად შექმნილი რესურსების (პრეზენტაცია ,,power point’’- ში.) მიწოდება მათთვის.
.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეთათვის იდეის შეთავაზება, ,,power point’’ -ში გეგმის შედგენა, სადაც თითო გვერდი ეთმობოდა თითო საკითხს: ვინ ვარ მე? რა მომწონს? ჩემი ძლიერი/სუსტი მხარე... მოსწალეებმა სახლში მოამზადეს ტექსტი პრეზენტაციისთვის, დაურთეს ფოტომასალა საკუთარ ოჯახის წევრებზე. დაინიშნა პრეზენტაციის კვირეულის თარიღი. მოწვეულ იქნენ სტუმრები. პრეზენტატორი ბუკით, პროგრამა ,,Ilerning’-’ით ეკრანს უზიარებდა მოსწავლეებს. აუდიტორიას ევალებოდა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კითხვების დასმა და კომენტარი. კვირეულის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები სხვადასხვა ნომინაციებში.
ნომინაციების ჩამონათვალი:
1. საუკეთესო პრეზენტატორი
2.საინტერესო მთხრობელი
3. საუკეთესო კითხვის ავტორი და ა.შ.
P.S. ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სიგელით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ბუკი, საპრეზენტაციო ტრიბუნა, ფოტოაპარატი;
.პროექტში მონაწილე მასწავლებლები: კლ. ხელმძღანელი ნათია გვილია
პროექტის ბლოგი: www.natiagvilia.weebly.com